საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა  GMPP-ის
 მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი
ტელევიზიებისთვის

 IREX-ი აცხადებს ღია კონკურსს ტელევიზიებისთვის 2017-18 წწ განმავლობაში საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP) მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის შედეგად პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა ერთი ან ორი ქართული ტელემაუწყებელი. პარტნიორობის საბოლოო მიზანია ხელი შეუწყოს ქართული მაუწყებლ(ებ)ის, როგორც ნიუს ორგანიზაცი(ებ)ისა და მდგრადი ბიზნეს(ებ)ის განვითარებას.

2018 წლის მარტამდე, შერჩეული ტელევიზი(ებ)ის რამდენიმე თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება აშშ-ში გაიაროს ერთკვირიანი სტაჟირება, რომელიც მოიცავს ამერიკელი კოლეგების მუშაობაზე უშუალო დაკვირვებას, მათი გამოცდილების გაზიარებასა და ტექნიკურ კონსულტაციებს. ვიზიტების მონაწილეთა კანდიდატურები შეირჩევა ამერიკელი მონაწილეების დახმარებით, მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

საპასუხოდ, თითოეული შერჩეული ქართული ტელევიზია ორჯერ უმასპინძლებს ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ 4 ექსპერტს ამერიკული პარტნიორი მედია საშუალებიდან. ისინი ადგილზე გაეცნობიან ქართველი კოლეგების მუშაობის სტილს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ჩაატარებენ პრაქტიკულ ტრენინგებს, მისცემენ ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და ხელს შეუწყობენ თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში.

GMPP პროგრამის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ ორი ქვეყნის წარმომადგენელ მაუწყებლებთან, რათა ხელი შეუწყონ მათ შორის მჭიდრო და გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას იმისათვის, რომ  ქართულ მედია საშუალებებში მოხდეს ინოვაციური იდეების დანერგვა, წამყვანი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და უნარ-ჩვევების განვითარება ორმხრივი გაცვლითი ვიზიტებისა და კონსულტაციების მეშვეობით.

ამასთანავე, IREX-ი აქტიურად იმუშავებს გამარჯვებულ მაუწყებლებთან რათა გაცვლითი ვიზიტების მონაწილეებმა მიღებული გამოცდილება გაუზიარონ როგორც თანამშრომლებს, ასევე სხვა კოლეგებს.

კონკურსში მონაწილეობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:

პროგრამის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მჭიდრო, ინტენსიურ და შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე შერჩეულ ქართულ ტელევიზიას, IREX-სა და ამერიკულ პარტნიორ მედია საშუალებას შორის, რასაც საფუძვლად უდევს მაღალი მოტივაცია, შესაბამისი რესურსების არსებობა, ურთიერთნდობა და პატივისცემა. ამიტომ IREX-ი ეძებს ისეთ ადგილობრივ ტელემაუწყებლებს, რომლებიც მზად არიან პროგრამაში მონაწილეობას მიუდგნენ სრული პასუხისმგებლობით, ძალისხმევითა და გამჭვირვალობით. შერჩეული მაუწყებლები ვალდებული იქნებიან უზრუნველყონ რეგულარული და ღია ორმხრივი კომუნიკაცია IREX-თან და იყონ მამოძრავებელი ძალა ამერიკულ პარტნიორ მედია საშუალებასთან თანამშრომლობის პროცესში, რათა მიაღწიონ რეალურ პროგრესს.

აქედან გამომდინარე, წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მომუშავე ნებისმიერ ტელევიზიას რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდგომ კრიტერიუმს:

  1. ფლობს  საერთო მაუწყებლობის მოქმედ ავტორიზაციას
  2. აქვს საკუთარი საინფორმაციო გადაცემა
  3. აქვს შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსი და პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების უნარი.

შეფასების კრიტერიუმები:

  1. აქვს დამოუკიდებელი და დაბალანსებული სარედაქციო პოლიტიკა.
  2. ჰყავს თანამშრომელთა გუნდი, რომელიც იზიარებს ფუნდამენტურ ჟურნალისტურ სტანდარტებს, როგორიცაა სიზუსტე, სამართლიანობა და  პასუხისმგებლიანი გაშუქება.
  3. მოწადინებულია გაეცნოს ამერიკული მაუწყებლის მუშაობის სტანდარტებს, რეალურად დანერგოს ინოვაციური მიდგომები და შემოიღოს ახალი პრაქტიკა ყოველდღიურ საქმიანობაში.
  4. გამოთქვამს გულწრფელ მოტივაციასა და მონდომებას მჭიდროდ ითანამშრომლოს GMPP პროგრამასთან რათა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლების და მენეჯმენტის პროაქტიული ჩართულობა პროგრამის ყველა აქტივობაში, წერილობითი და ზეპირი ანგარიშების წარდგენასა და მიღწეული პროგრესის დასაბუთების მიზნით საჭირო ინფორმაციის რეგულარულად მოწოდებაში.
  5. მზადაა ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს გრძელვადიანი პარტნიორობა ამერიკულ მედია საშუალებასთან
  6. კონკურენტულია ადგილობრივ მედია ბაზარზე.
  7. მაუწყებლობს მოსახლეობის ფართო ჯგუფისთვის ან პრიორიტეტული მიზნობრივი აუდიტორიისთვის (სასურველია აკეთებდეს ჟურნალისტური გამოძიების სიუჟეტებს და/ან ჰქონდეს გენდერის, უმცირესობათა უფლებების, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისა და დემოკრატიული პროცესების ამსახველი საკუთარი პროგრამები)
  8. თანახმაა გაუზიაროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანამშრომლებს და კოლეგებს.

თუ თქვენი ტელევიზია აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ ყველა პირობას და დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს შესარჩევ კონკურსში, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული GMPP პროგრამის განაცხადის ფორმა, მანამდე კი ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო ინგლისური ენის ცოდნა. IREX-ი უზრუნველყოფს თარჯიმნების მომსახურებას როგორც აშშ-ში სტაჟირების, ასევე ამერიკელი პარტნიორების საქართველოში ვიზიტების დროს.

განაცხადის შემოტანის წესი:

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა ოთხშაბათი, 14 დეკემბერი, 12:00 სთ. სრულად შევსებული განაცხადის ფორმები (ქართულად და ინგლისურად) და დამატებითი დოკუმენტაცია – როგორც ნაბეჭდი სახით ასევე ელექტრონულ ფორმატში (CD-ზე ან USB მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი) უნდა მოიტანოთ ან გამოგზავნოთ IREX-ის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #6, მე-2 სართული (მწვანე ოფისის შენობა, მარჯანიშვილის სახ. თეატრის გვერდით).

დაგვიანებით მიღებული ან არასრული განაცხადები არ განიხილება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩაბარებული მასალა უკან არ დაგიბრუნდებათ, ამიტომ გირჩევთ დაიტოვოთ შევსებული განაცხადის და საბუთების ასლი.

ღია კარის დღე:

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის, IREX-ისა და აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები ჩაატარებენ ღია კარის დღეს ორშაბათს, 5 დეკემბერს 2 საათზე, აირექსის საკონფერენციო დარბაზში, მე-4 სართულზე, რათა დამსწრეებს მიაწოდონ უფრო ვრცელი ინფორმაცია პროგრამის შესახებ და დეტალურად განიხილონ განაცხადის შემოტანის პროცესი.

მაუწყებლებისთვის, რომლებიც გეგმავენ კონკურსში მონაწილეობის მიღებას რეკომენდებულია ღია კარის დღეზე დასწრება. დასწრების სურვილის შემთხვევაში, წარმომადგენლ(ებ)ის სახელ(ებ)ი და გვარ(ებ)ი წინასწარ უნდა გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: gmpp-georgia@irex.org არაუგვიანეს 2 დეკემბრის 4 საათისა. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტით ან სამუშაო საათებში ტელეფონის ნომერზე:  +(995 32) 291 26 08 / შიდა ნომერი 122 ან 123.

მონაწილეთა შერჩევა:

შემოსულ განაცხადებს განიხილავს საგანგებოდ შექმნილი კომისია, რომლშიც შევლენ ამერიკელი და ქართველი მედია ექსპერტები. მონაწილეთა შერჩევა მოხდება 2017 წლის იანვარში. კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან იანვარ-თებერვალში, რის შემდეგაც მათთან გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი და ადგილზე ჩატარდება საჭიროებათა დეტალური შეფასება, რომელიც გაეგზავნება პროგრამის დონორს და ამერიკულ პარტნიორ მედიასაშუალებას. გაცვლითი ვიზიტების დაწყებამდე მოხდება ორი მედიასაშუალების ონლაინ რეჟიმში დაკავშირება.

ზოგადი ინფორმაცია პროგრამის შესახებ:

GMPP პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ და მას IREX-ი ახორციელებს. 2010 წლიდან დღემდე, პროგრამის მონაწილე გახდა 11 ტელევიზია (ბათუმის 25-ე არხი, გურჯაანის ტელევიზია, ტელეკომპანია გურია, ბორჯომის ტელევიზია, ფოთის ტელეკომპანია „მეცხრე ტალღა“, ქვემო-ქართლის ტელეკომპანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, რუსთავი 2, ტაბულა TV, პალიტრა TV და 2 რადიო (ქუთაისის რადიო „ძველი ქალაქი“ და რადიო „ჰერეთი“/“თბილისი“).

დღეისათვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულია 42 ორმხრივი გაცვლითი ვიზიტი, რომლებშიც მონაწილეობა ქართული მაუწყებლების 83-მა თანამშრომელმა და ამერიკული ტელევიზიებისა და რადიოების 32-მა წარმომადგენელმა მიიღო. პროგრამის მონაწილე ამერიკული მედიასაშუალებები მუშაობდნენ კენტუკის, ვირჯინიის, პენსილვანიის, ტენესის, ოჰაიოს, მისურის და ალასკის შტატებში.

შედეგად, პროგრამის მონაწილე ქართული მაუწყებლების მიერ მოხდა მენეჯმენტის სტრუქტურის, ადამიანური რესურსების მართვისა და ჟურნალისტური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, პროგრამული ბადის გამრავალფეროვნება, არსებული პროგრამების, მათ შორის საინფორმაციო გადაცემების გაუმჯობესება და უკეთ შეფუთვა, თემში ჩართულობის გაზრდა სოციალური პროექტების განხორციელებით, ონლაინ მულტიმედია პლატფორმების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდა, უკეთესი მარკეტინგი და პრომოუშენი, ონლაინ სივრცის თანამედროვე მეთოდებით ათვისება და ვებგვერდის განვითარება, სარეკლამო და სასპონსორო პაკეტების გაყიდვებიდან და ალტერნატული წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გაზრდა და ტექნიკური რჩევების მიღება ციფრულ მაუწყებლობაზე წარმატებით გადასვლისთვის მზადების პროცესში.

GMPP-ს მისიაა ხელი შეუწყოს ადგილობრივი მედიის განვითარებას ქართულ და ამერიკულ მედიასაშუალებებს შორის პროფესიული პარტნიორობის დამყარებით. პროგრამას 3 მიზანი აქვს:

  1. ქართულ და ამერიკულ მედიასაშუალებებს შორის მჭიდრო, კოლეგიალური და მდგრადი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც ქართული მაუწყებლებს შორის გაუმჯობესდება პროფესიული უნარ-ჩვევები და სამუშაო პრაქტიკა.
  2. ქართველი მონაწილეების მიერ მიღებული ცოდნის ფართოდ გაზიარება.
  3. ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მიერ ერთმანეთის კულტურის, საზოგადოებისა და ფასეულობების უკეთ გაცნობა.

პროგრამა მორგებულია ქართველი მონაწილეების საჭიროებებს იმ მოლოდინით, რომ ისინი რეალურ სარგებელს მიიღებენ პროფესიული გაცვლითი ვიზიტებითა და ამერიკულ პარტნიორ მედია საშუალებასთან  თანამშრომლობით, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს დამოუკიდებელი მედიის მდგრადობას საქართველოში.

IREX-ის შესახებ:

 

IREX-ი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ბაზირებული, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1968 წელს დაარსდა. ჩვენი მისიაა უფრო სამართლიანი, წარმატებული და ინკლუზიური სამყაროს შექმნა, ახალგაზრდების მხარდაჭერით, ლიდერების წახალისებით, ინსტიტუციების ხელშეწყობითა და ხარისხიან განათლებასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. საქართველოში IREX-ი 1994 წლიდან მუშაობს.

GMPP_GEO_Application Form_2017_final

GMPP_ENG Application_Form_2017_Final