საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა  2016 წლის გამარჯვებულებს აცხადებს 

აშშ-ს საელჩო საქართველოში და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) „საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის“ (GMPP) 2016 წლის კონკურსის ფინალისტებს აცხადებს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ღია კონკურსის წესით ტაბულა TV და პალიტრა TV  შეირჩა.

პროგრამის წლევანდელი მონაწილე ქართული მაუწყებლების ამერიკელ კოლეგებთან პარტნიორობა ფოკუსირებული იქნება არსებული ონლაინ და მულტიმედია რესურსების შემდგომ განვითარებასა და ეფექტიან გამოყენებაზე. გაცვლითი ვიზიტების მიზანი  შერჩეული ქართული მედიასაშუალებებისთვის ონლაინ სივრცეში მათი საქმიანობის შესაბამისად ასახვის ხელშეწყობაა.

უახლოეს მომავალში IREX-ი ქართულ მაუწყებლებს დააკავშირებს ტელევიზიებთან შეერთებული შტატებში, რათა მათ შორის ჩამოყალიბდეს გრძელვადიანი, ორმხრივად პროდუქტიული პროფესიული ურთიერთობები, რაც ამერიკასა და საქართველოს შორის გაცვლითი პარტნიორული ვიზიტების, ერთობლივი კონსულტაციებისა და თანამედროვე გამოცდილების გაზიარების გზით მიიღწევა. ამერიკულ პარტნიორ ტელევიზიებში მომუშავე პროფესიონალები ქართველ კოლეგებს ესტუმრებიან, ადგილზე ჩაუტარებენ ტრენინგებს და ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაუწევენ. საპასუხოდ, ტაბულა TV და პალიტრა TV-ს წარმომადგენლები აშშ-ში გაემგზავრებიან და პარტნიორ ტელევიზიებში პრაქტიკულ სტაჟირებას გაივლიან. გაცვლითი ვიზიტების გარდა, ონლაინ რეჟიმში განხორციელდება ვირტუალური კონსულტაციებიც, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მაუწყებლების უფრო მდგრად მედია ორგანიზაციებად და მომგებიან ბიზნესებად განვითარებას.

დღეისათვის, პროგრამამ 12 მაუწყებლის განვითარებას შეუწყო ხელი. პროგრამის მონაწილეები არიან „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“ და „რუსთავი 2“ თბილისში, „აჭარის ტელე-რადიოკომპანია“ ბათუმში, „ქვემო-ქართლის ტელე-რადიოკომპანია“ რუსთავში, რადიო „ჰერეთი“ ლაგოდეხში, ტელეკომპანია „ბორჯომი“ ბორჯომში, ტელე-რადიოკომპანია „მეცხრე ტალღა“ ფოთში, რადიო „ძველი ქალაქი“ ქუთაისში, ტელეკომპანია „მე-9 არხი“ ახალციხეში, სამაუწყებლო კომპანია „გურია“ ოზურგეთში, „25-ე არხი“ ბათუმში და ტელეკომპანია „გურჯაანი“ გურჯაანში.

2011 წლიდან მოყოლებული, მედიასფეროს 80 ქართველ წარმომადგენელს პროგრამის ფარგლებში საშუალება ჰქონდა თავად ენახათ, თუ როგორ მუშაობენ ტელევიზიები და რადიოები აშშ-ში. პროგრამის დახმარებით მათ აიმაღლეს კვალიფიკაცია საინფორმაციო გადაცემის მომზადების, კონტენტის წარმოების, მედია მენეჯმენტის, შემოსავლის გენერირების, გაყიდვებისა და მარკეტინგის, ახალი მედიის, და სხვა სფეროებში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მონაწილე მედიასაშუალებებმა ადგილობრივ საჭიროებებს წარმატებით მოარგეს და დანერგეს პარტნიორული ვიზიტების დროს ნასწავლი ახალი უნარ–ჩვევები და მიდგომები. შედეგად, გაუმჯობესდა მონაწილე მაუწყებლების მუშაობა, შეიქმნა ახალი პროგრამები და გაუმჯობესდა არსებული გადაცემების ხარისხი, უფრო თანამედროვე გახდა ეთერის ვიზუალი, შეიქმნა შემოსავალის ალტერნატიული წყაროები, გაიზარდა ცნობადობა ადგილობრივ ბაზარზე და მარკეტინგი და პრომოუშენი გახდა უფრო მიზნობრივი.

GMPP პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ და მას IREX-ი ახორციელებს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებას ქართული მაუწყებლების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების გზით.